"უსიამოვნება, რომელიც ბუკნარში მოხდა, უნდა იყოს ძალიან მალე აღმოფხვრილი, თუმცა, ამასთანავე თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ გამოვიყენოთ ყველაფერი, რათა ვიპოვოთ მშვიდობიანად თანაცხოვრების გზები და არა ის, როგორ დავძაბოთ სიტუაცია. ნებისმიერი ადამიანის მხრიდან მსგავსი ქმედება იქნება ანტისახელმწიფოებრივი და იქნება სათანადოდ დაგმობილი როგორც ეს საჭიროა და როგორც ამას იმსახურებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა სოფელ ბუკნარში განუცხადა.
„დღევანდელმა ინციდენტმა ცხადყო, რომ არიან ალბათ, ადამიანები ვისაც სურთ, რომ ამ ფაქტით ისარგებლონ და სხვადასხვა პროვოკაცია მოაწყონ. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველას, რომ შეეცადონ და მაქსიმალურად აერიდონ პროვოკაციებს და რაც მთავარია, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად.
ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყველა რელიგიის წარმომადგენელს აქვს რწმენის და რელიგიის თავისუფლება. ჩვენ ამ ისტორიულ-კულტურული მოცემულობით მოვდივართ და არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არიოს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები მეჩეთის აშენების წინააღმდეგ გამოვიდნენ. უთანხმოება 12 იანვარს ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.