ევროპული კვლევების ხელმძღვანელის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, NATO საქართველოს დიდი ხნის წინ გააწევრიანებდა ალიანსში, რუსეთის მუქარას რომ არ უწევდეს ანგარიშს.
ამის შესახებ Europetime საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელს და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
როგორც კახა გოგოლაშვილმა „Europetime-ს განუცხადა, საქართველო NATO-სთვის გაცილებით სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაა, ვიდრე ევროკავშირისთვის, მაგრამ თვლის რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება დიდი რისკებთან არის დაკავშირებული.
„როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რომელიმე ქვეყნის წევრობის საკითხს განიხილავს, იქ იწონება რისკები, სარგებელი და შესაძლებლობები. როცა რისკი წონის სარგებელს, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. საქართველოს დიდი ხნის წინ გააწევრიანებდნენ NATO-ში მაგრამ, ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას იქიდან გამომდინარე, რომ რისკები არის ძალიან დიდი, იმ სარგებელს გადაწონის, რომელსაც საქართველო ალიანსს მოუტანს, გაწევრიანების შემთხვევაში.
უკრაინაში შეჭრის მაგალითზე რუსეთმა აჩვენა, რომ ეს რისკი რეალურია. ვგულისხმობ რუსეთის მუქარას საქართველოსთან მიმართებით. თუ მისი NATO-ში გაწევრიანების საკითხი დადგება, საქართველოსთან დაკავშირებით ახალ სამხედრო საფრთხეებს შექმნის. რუსეთი ყველა გზით შეეცდება, დაბლოკოს NATO-ს გაფართოება, რაც გამოჩნდა უკრაინაში შეჭრით. სტრატეგიული ყირიმის ნახევარკუნძულის დაკარგვის შეეშინდა. სამხედრო სტრატეგიული მიზნების გამო შეიჭრა. თუ გამოცხადდება, რომ საქართველო NATO-ში უნდა შევიდეს, შეიძლება ნებისმიერი პროვოკაცია მოხდეს. NATO-ს არ სურს, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთთან იომოს.