ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი სახელდება. ამის შესახებ მან covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზე აღნიშნა.
კომისიამ იმუნიზაციის იმ გეგმაზე უნდა იმუშაოს, რომელსაც ორშაბათს მთავრობას წარუდგენს.
ტიკარაძის თქმით, საქართველო გაერთიანებულია COVAX პლატფორმაში, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, პირველი ეტაპისთვის მივიღოთ „ფაიზერის“ ვაქცინა.
„დოკუმენტის შინაარსში განვიხილეთ ვაქცინის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება, იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შემოვიტანოთ. ასევე, ამასთან დაკავშირებით, მოხდა საკანონმდებლო ინიცირება. ტექნიკური მზაობა, „ცივი ჯაჭვი“ სრულად შევისწავლეთ და მოხდა ინვენტარიზაცია. ამასთან დაკავშირებით, დოკუმენტში განხილულია, თუ რა მზაობაა ქვეყანაში. ასევე, მნიშვნელოვანია პერსონალის მზაობა. თქვენ იცით, რომ გაერთიანებული ვართ Covax პლატფორმაში, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, პირველი ეტაპისთვის მივიღოთ „ფაიზერის“ ვაქცინა. COVAX-პლატფორმიდან მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს სამინისტრომ უნდა გაგზავნოს საპასუხო წერილი. ჩვენ დეტალურად უნდა ვუპასუხოთ, თუ რამ მზაობაა ქვეყანაში ვაქცინის შემოსატანად. სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის პირველი კვარტალი. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩვენი დოკუმენტი დააკმაყოფილებთ“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.