ბათუმში, მეშვიდე საჯარო სკოლაში რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დროშების ჩამოხსნას ხმაური მოჰყვა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს სკოლის დირექტორი. მომხდართან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი აჭარის განათლების მინისტრმა გააკეთა.
მაია ხაჯიშვილის განმარტებით, სკოლის დირექტორის მხრიდან, ადგილი ჰქონდა გადაცდომას, რის გამოც მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტეს.
„იმ გარემობის გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის შედეგად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას.
ვინაიდან, სასწავლო რესურსის დროს გამოიკვეთა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, მათ შორის, ისეთი სტიკერების განთავსება, რომელიც მიუღებელია კანონმდებლობით და კონსტიტუციით. შესაბამისად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.
რამდენიმე დარღვევაა კომპლექსურად, მათ შორის იმ სტიკერების გამოყენება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ერთ-ერთი მოსწავლე ნამდვილად არ არის გარიცხული“, - აღნიშნავს მაია ხაჯიშვილი.
ცნობისთვის, ხსენებული სკოლის მოსწავლემ, სკოლის სტენდზე, რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დროშები ჩამოხია. ამ დროშებთან ერთად სტენდზე სხვა ქვეყნების ეროვნული სიმბოლოებიც იყო განთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს „სკოლის ინვენტარის დაზიანებისთვის“ საყვედური გამოუცხადა. მანამდე, TV25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეს სასწავლო პროცესი იმის გამო დაატოვებინა, რომ მოზარდმა კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია.