სენატორები რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან აცხადებენ, რომ დასავლური სანქციები მუშაობს თუმცა განმარტავენ, რომ მათ უკეთესი შედეგის ხილვა სურთ, რათა რუსეთი იძულებული გახდეს შეწყვიტოს ომი უკრაინაში. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება.
მისივე ცნობით, სენატორი ბობ მენენდესი მიიჩნევს, რომ „ამ ბრძოლის მოგება მხოლოდ იარაღის, მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევით ან სანქციებით არ მოხდება.
„ყველა ეს კომპონენტი ერთობლიობაში უნდა იყოს, ამისთვის საჭიროა მეტი კოორდინაცია. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს გადარჩენაში“.
„პუტინი სასოწარკვეთილია. ის აიძულებს რუს კაცებს მთელს ქვეყანაში, შეუერთდნენ არალეგალურ და სულ უფრო არაპოპულარულ ომს, ყიდულობს რაკეტებს ჩრდილოეთ კორეიდან, დრონებს ირანიდან, აწყობს ყალბ რეფერენდუმებს. ხალხს მასში მონაწილეობას იარაღის მუქარით აიძულებენ...
მაგრამ დღეს პუტინი არ არის იქ, სადაც მას უნდოდა რომ ყოფილიყო. ეს არის დამსახურება უკრაინელი მებრძოლი ხალხის და 15 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარების ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ძლიერი საერთაშორისო კოალიციის“, - ამბობს სენატორი.
„წამება, გაუპატიურება, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა, რომ აღარაფერი ვთქვათ, საავადმყოფოების, ეკლესიების და საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვაზე... ეს რეალურად წარმოადგენს გენოციდს.
ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს სამხედრო კუთხით და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასარგებლო იყო იმ წარმატებისთვის, რომელსაც ბრძოლის ველზე პუტინი გრძნობს. მან ზეწოლა უნდა იგრძნოს სახლშიც. ჩვენ უნდა გავამკაცროთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა თავის მხრივ, ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა.