ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ყალბი და ფსევდო რეფერენდუმი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ.რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბრისას განაცხადა.
„ტერიტორიული მთლიანობა, ესაა საერთაშორისო სამართლის პრინციპი, რომელიც ყველამ უნდა აღიაროს და რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არანაირ რეფერენდუმს, რა თქმა უნდა ძალა არ აქვს“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.
21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისინი ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.