კელი დეგნანი: განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვითი აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით, მცდარია

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით, სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორი და მცდარია. მისი თქმით, აშშ მთელ მსოფლიოში მოუწოდებს პარტნიორებს და მოკავშირეებს, ​რაც შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი უკრაინის დასახმარებლად პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ, რადგან უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის.

„თავიდანვე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, რისი გაკეთება შეეძლო საქართველოს დასახმარებლად.

ჩვენ ასევე ცხადად ვამბობდით, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ არასდროს გვითქვამს საქართველოსთვის, გაეხსნა მეორე ფრონტი, არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა საქართველოზე, რომ ჩართულიყო ამ ომში.

აშშ-ის არ სურს, საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანა ჩართული იყოს ამ ომში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი შეჩერდეს რაც შეიძლება სწრაფად, რომ შევძლოთ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის აღდგენა. სწორედ ამისთვის მუშაობს აშშ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომელშიც ის ამბობს, რომ „უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა“.