ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწეს.
ადგილობრივი მუსლიმების და ქრისტიანების მოლაპარაკება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით წარიმართა, მხარეების შეთანხმებით და თანასოფლელების შერიგებით დასრულდა.
შეხვედრა სოფლის კლუბის შენობაში შედგა. სადაც მხარეებმა ერთმანეთს შერიგების ნიშნად ხელი ჩამოართვეს.
„რა თქმა უნდა შევრიგდით, იმთავითვე მივესლომებოდი ასეთ საქციელს, ამის ღრმად მწამს, რომ მშვიდობიან და კოხტად გავაგრძელებთ ცხოვრებას. გაუგებრობაზე ლაპარაკი გადავდოთ გვერდზე, ამაზე საუბარი აღარ გვინდა“,- უთხრა ჟურნალისტებს ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ნუგზარ ჭაღალიძემ.
იგივე განწყობა ჰქონდათ სოფლის ქრისტიან მკვიდრებსაც.
"გონიერებამ და იმ სიყვარულმა გაიმარჯვა, რაც გვქონდა ერთმანეთის მიმართ და მე ამ სიყვარულის იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიყვარული ამ პროოკაციაზე ბოლომდე გაიმარჯვებს",- აღნიშნა მარიამ ხელაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები მეჩეთის აშენების წინააღმდეგ გამოვიდნენ. უთანხმოება 12 იანვარს ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.