გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, უკრაინის ოთხი რეგიონის მიმართ რუსეთის განზრახვებს „სახიფათო ესკალაცია“ უწოდა, რომელიც უახლოეს მომავალში, რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნის.
გუტერეშმა აღნიშნა, რომ „რეფერენდუმები“ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ „უკრაინის სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს მიღმა“ ჩატარდა და დაგმობას იმსახურებს.
„რუსეთს, როგორც უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთს, ქარტიის დაცვაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. ნებისმიერ გადაწყვეტილებას უკრაინის ტერიტორიების შემდგომი ანექსიის შესახებ არ ექნება იურიდიული ძალა და დაგმობას იმსახურებს", - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
დღეს კრემლში, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ოფიციალურად გაფორმება იგეგმება. (რომელთაგანც, რუსული ჯარი სრულად ვერცერთ ვერ აკონტროლებს). მოსალოდნელია პუტინის გამოსვლა, საღამოს კი კონცერტი წითელ მოედანზე.
რუსეთის პარლამენტში ანექსიის კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება, რის შემდეგაც პუტინი ოკუპირებული ტერიტორიების „მიმაგრებას“ რუსეთის კონსტიტუციაში გააფორმებს.
რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.