ევროკავშირი მტკიცედ და ცალსახად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არ არასდროს აღიარებს უკანონო „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა ჩაატარა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი დარღვევის საბაბად.
ევროკავშირი უკრაინას ეკონომიკური, სამხედრო, სოციალური და ფინანსური მხარდაჭერის დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა.
„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ მათ უკანონო ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ბათილია და არ ექნებათ იურიდიული ძალა. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, უპირობოდ უარყონ ეს უკანონო ანექსია“, - ნათქვამია ევროკავშირის 27 ქვეყნის განცხადებაში.
პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა.
რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.