აშშ-მა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამო, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები დააწესა. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.

სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს 278 დეპუტატი, რომლებმაც „რუსეთს ფიქციური“ რეფერენდუმის ჩატარების და ტერიტორიის ანექსიის უფლება მისცეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა გამოაქვეყნა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც მესამე ქვეყნებს სანქციების გაფართოების რისკზე აფრთხილებს, იმ სემთხვევაში თუ რუსეთს პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას გამოუცხადებენ. 

„ჩვენ არ გავდგებით გვერდზე, სანამ პუტინი თაღლითურად ცდილობს უკრაინის ნაწილების ანექსიას. ფინანსთა დეპარტამენტი და აშშ-ს მთავრობა დღეს იღებენ მასიურ ზომებს რუსეთის ისედაც დეგრადირებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შემდგომი შესუსტების მიზნით და უკანონო ომის წარმოებისთვის, მის უნარს ძირს უთხრის," – განაცხადა ჯანეტ იელენმა. 

დღეს პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა. 

უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.