იენს სტოლტენბერგი: თუ რუსეთი შეწყვეტს ომს, მშვიდობა იქნება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის აღარ იარსებებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო

„თუ რუსეთი შეწყვეტს ომს - მშვიდობა იქნება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას - ის აღარ იარსებებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო.NATO ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ~, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, სიმტკიცეს ინარჩუნებს. 

„ვინარჩუნებთ სიმტკიცეს, აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა უკრაინას, რომელიც აგრძელებს თავდაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ყალბი რეფერენდუმები მოსკოვში შემუშავდა და უკრაინაში საერთაშორისო კანონის სრული დარღვევით ჩატარდა.

„ეს ქმედება უკანონო და არალეგიტიმურია. NATO-ს მოკავშირეები არცერთ ამ ტერიტორიას არ აღიარებენ, როგორც რუსეთის ნაწილს. ეს მიწები უკრაინაა. დონეცკი - უკრაინაა, ლუგანსკი - უკრაინაა, ხერსონი - უკრაინაა, ზაპოროჟიე - უკრაინაა ისევე, როგორც ყირიმია უკრაინა. რუსეთი უკვე მეორედ იკავებს უკრაინის ტერიტორიას ძალით, მაგრამ ეს კონფლიქტის ბუნებას არ ცვლის და ის ისევ რჩება რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომად უკრაინის წინააღმდეგ და ეს არ ცვლის ჩვენს ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.