უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ფსევდორეფერენდუმებით უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსია, არაფერს არ ცვლის. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიის მცდელობისას, პუტინი ცდილობს დაიკავოს ტერიტორიები, რომლებსაც ადგილზე ფიზიკურად არც კი აკონტროლებს. არაფერი იცვლება უკრაინისთვის: ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მიწის, ხალხის განთავისუფლებასა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - წერს კულება.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.