აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სწრაფ განაცხადზე პირდაპირი კომენტარი არგაუკეთებია, მაგრამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას.
„მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო, რომ NATO-ს კარი ღია დარჩება, მათ შორის უკრაინისთვის. ცნობილია პროცესი ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას ცდილობენ. უკრაინა, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, განაგრძობს ამ პროცესის შესრულებას, რა თქმა უნდა თუ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს აქვს ასეთი სურვილი“, - განაცხადა ბლინკენმა.
უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.