საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან.
შეხვედრისას მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს.
მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. უნივერსიტეტის კარი ღიაა თურქი სტუდენტებისთვისაც. როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია. თურქეთის ელჩთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა თურქ მეცნიერებსაც ექნებათ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას.
მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს და ამ მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში ქართველ და თურქ მეცნიერებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის საკითხებს, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით. გარდა ამისა, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის საელჩოს მრჩეველი განათლების საკითხებში სუათ კოლუქირიქი და საელჩოს წარმომადგენელი გიზემ სევიმი.