რუსეთის სახელმწიფო კომპანია PJSC Gazprom-მა იტალიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა, რამაც ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
რუსული „გაზპრომი“ იტალიისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად, ავსტრიაში შექმნილ პრობლემას ასახელებს. „ავსტრიის გავლით გაზის მოწოდება შეუძლებელია“,- აცხადებენ „გაზპრომში“.
ამასთან, იტალიური მხარე აცხადებს, რომ ავსტრიას გაზი მიეწოდება.
Bloomberg-ის ცნობით, ახლა ევროპული ქვეყნები რუსული გაზის ალტერნატივის მოძებნას ჩქარობენ, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ევროპისთვის გაზის შეწყვეტით, ევროკავშირზე ზეწოლას ცდილობს.
იტალიისთვის გაზის შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე, Nord Stream1-სა და Nord Stream2-ზე ბალტიის ზღვაში დაზიანება დაფიქსირდა. მილსადენების დაზიანების მიზეზი ამ დრომდე ოფიციალურად არ დასახელებულა.
The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.
20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს.