ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ

ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გეგმა, რომელიც ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პაკეტი მიზნად ისახავს, ყველა წევრმა სახელმწიფომ შეამციროს გაზზე მოთხოვნა 15%-ით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, აჩვენონ თუ როგორ შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას.

ევროკომისია საუბრობს ზომებზე, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საჭირო შემცირების დაკმაყოფილებაში დაეხმარება, მათ შორის ასეთი გზაა, ფოკუსირება გაზის სხვა საწვავებით ჩანაცვლებასა და მთლიანი ენერგიის დაზოგვაზე ყველა სექტორში“.

კომისიამ ასევე მოუწოდა წევრ ქვეყნებს, წამოიწყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რუსული გაზის სრული გათიშვა „სავარაუდო სცენარი“ იყო. 

„რუსეთი გვაშანტაჟებს. რუსეთი ენერგიას იარაღად იყენებს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა.


„დღეს ახალ თავს ვხსნით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც საკვანძო პარტნიორია ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსულ წიაღისეულ საწვავს”, - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაა, რომელიც 18 ივლისს, აზერბაიჯანში ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად ისტორიული მემორანდუმის გაფორმებას მოჰყვა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება. ევროკავშირი, რომელიც უკრაინაში კრემლის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსულ რესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს, აზერბაიჯანი აირჩია ერთ-ერთ ალტერნატივად.