The Times: რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა

„რუსეთის სავარაუდო დივერსიული თავდასხმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე, რამაც გამოიწვია დიდი აფეთქებები ბალტიის ზღვაში, ალბათ, წინასწარ იყო განზრახული და დაგეგმილი", იტყობინება გაზეთი Times-ი 28 ბრიტანეთის თავდაცვის თავდაცვის წყაროზე დაყრდნობით.

Times-ის ცნობით, რუსეთმა, სავარაუდოდ, ზღვაში ასაფეთქებელი მოწყობილობა განათავსა მის ამოქმედებამდე კვირებით ადრე.

დაზიანება პირველად 26 სექტემბერს აღმოაჩინეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, გაჟონვა გამოწვეული იყო მიზანმიმართული დივერსიით, სავარაუდოდ, სახელმწიფო აქტორის მიერ.

ამასთან, CNN-ის წყაროების ცნობით, ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან ახლოს, რუსული სამხედრო გემები დააფიქსირეს. თუმცა დანიელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ივარაუდა, რომ გემების დაფიქსირება არ მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანება რუსეთის მიერ არის გამოწვეული, რადგან რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ რეგიონში.

გაზის მიწოდება რუსეთიდან ევროპაში Nord Stream 1-ით, რომელმაც 2021 წელს, 59,2 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია, რუსეთის სახელმწიფო გაზის კომპანია „გაზპრომმა“ 2022 წლის 31 აგვისტოს შეწყვიტა და მიზეზად საჭირო ტექნიკური სამუშაო დაასახელა.