პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუშინ, პირველ ოქტომბერს აღინიშნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 10 წლის იუბილე. მისი თქმით, მმართველი ძალის ხელისუფლებაში მოსვლიდან ქვეყანაში მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა ვთქვა მთავარი - ჩვენ გუშინ, პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე მას შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია, მმართველი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში.
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს გვჭირდება სწორედ მშვიდობა, გვჭირდება სტაბილურობა და განვითარება, ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა და ამისთვის კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ჩვენი მთავარი ოცნება და მთავარი მიზანი იყოს მიღწეული და შესრულებული - ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული, მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება, დიდი მადლობა!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.