ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილებებზე წუხილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგებოდა საპარლამენტო ბოიკოტს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიშია ასევე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და 2020 წლის მარტის პოლიტიკურმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო საკანონმდებლო ორგანოს უფრო მრავალპარტიულ ჩამოყალიბებას.
Europetime-თან საუბარში პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად არჩევნებისადმი არსებული პრეტენზიებისა, პარლამენტში უნდა შევიდეს ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც სადეპუტატო მანდატი მოიპოვა.
„ევროკავშირშიც და შეერთებულ შტატებშიც დეტალურად იციან საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები და მოუწოდებენ ოპოზიციას, პარლამენტში შევიდნენ. ამას იმიტომ არ არ ამბობენ, რომ ზედმეტი თავის ტკივილი არ უნდათ.
ამ დროისთვის საქართველო ფაქტობრივად ერთადერთი რეალური მოკავშირე დარჩა დასავლეთს კავკასიის რეგიონში. არსებული ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია ქვეყანაში მშვიდი და სტაბილური ვითარება იყოს და დალაგდეს თუნდაც შიდაპოლიტიკური სიტუაცია.
დროა საჭირო, რომ აშშ-ში მომხდარი სამთავრობო ცვლილებები დალაგდეს, ევროკავშირიც უკეთ გაერკვეს ჩვენს რეგიონში არსებულ მდგომარეობაში. ამიტომ გვეუბნებიან, რომ ნუ გვიშლით ხელს, შედით, მაგრამ იმდენად ძლიერია საქართველოში რუსული გავლენები, მათ შორის ოპოზიციაში, ხელს არ აძლევს არავის რომ მიყვნენ იმ აზრს, რატომ გვკარნახობენ დასავლეთელი პარტნიორები პარლამენტში შესვლას.
არ დავაკონკრეტებ, რომელ ოპოზიციურ პარტიებს ვგულისხმობ. ყველამ იცის, ევროპარლამენტში გულუბრყვილო ადამიანები არ სხედან და "ჰაერზე არ აკეთებენ" ასეთ მოწოდებებს.
მაგრამ ვითარება სამხრეთ კავკასიასა და მათ შორის საქართველოში დღემდე რუსული სცენარით მიმდინარეობს და ვინც ამას არ აღიარებს, აქედან გამომდინარე არ გეგმავს თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს ის ნებსით თუ უნებლიედ რუსულ თამაშში მონაწილეობს", - განუცხადა Europetime-ს პოლიტოლოგმა.
ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციურ პარტიების ნაწილმა პარლამენტში შესვლის თაობაზე, შიდა მოლაპარაკებების ახალი ტალღა დაიწყო, თუმცა ხელისუფლებისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
"მოქალაქეები“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშე, პარლამენტში შესვლაზე თანხმობას აცხადებს, თუ ხელისუფლება მათ პირობებს გაითვალისწინებს.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი ვადამდელი არჩვენების დანიშვნის გარეშე საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე კვლავ უარს ამბობს.
„გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი მზად არიან, პარლამენტში შესვლის პირობით, ხელისუფლებისთვის წაყენებული პირობები, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურად განიხილონ.
"შესაძლოა მეხუთე რაუნდის გარეშეც, მაგრამ ელჩების თანდასწრებით, თუ "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის პოლიტპატიმრები, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ელექტრონული არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, რომ შევიდეთ პარლამენტში", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, თუ ხელისუფლება დათანხმდება ერთ პირობაზე.
"ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია" - ამბობს იაგო ხვიჩია.
„ევროპული საქართველო“ ვადამდელი არჩვენების დანიშვნის გარეშე პარლამენტში შესვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს, თუმცაა მზადაა, ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს.
„ოპოზიციას შორის კონსულტაციები არ შეწყვეტილა. ჩვენ, ოპოზიციის 99%-ს და ქართულ საზოგადოებას გვაქვს ერთი ამოცანა - მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, რასაც სჭირდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციაში და საარჩევნო კანონმდებლობაში ფუნდამენტური ცვლილებები, ჩვენ, ჩვენი პაკეტი გაგზავნილი გვაქვს და დეტალურად განხილული“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
როგორც „გირჩის“ წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ ზოგიერთ წარმომადგენელს, პარლამენტში შესვლის შესახებ, შესაძლოა პარტიის ლიდერებისგან განსხვავებულია აზრი ჰქონდეს.
„მე ვაპირებ, დაველაპარაკო „ევროპული საქართველოს“ იმ წევრებს, რომლებმაც არჩევნებში საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს და არა „ევროპული საქართველოს“ მენეჯმენტს. მათი აზრი არც კი ვიცი, როგორც ჩანს, მათ ადამიანებად არ თვლიან, ტარიელ ნაკაიძეს, არმაზ ახვლედიანს“- განაცხადა მედიასთან საუბრისას მეგრელიშვილმა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სადეპუტატო მანდატები მოიპოვეს: დავით ბაქრაძემ; შალვა შავგულიძემ; ელენე ხოშტარიამ; არმაზ ახვლედიანმა და ტარიელ ნაკაიძემ.
„გირჩის“ ყოფილი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ტრაგიკულად არ უყურებს იმას, რომ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ ან პარტიებმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტონ.
ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ალეკო ელისაშვილისთვის იმდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო წესების ცვლილება, რომ ფიქრობს, ამაში ღირს მისი ბოიკოტის გაცვლა.
მისი თქმით, რაღაც დრო რომ გავიდეს და ვიღაცები თუნდაც შევიდნენ პარლამენტში ან ვიღაცები შეიტყუონ, ეს არაფერს არ ცვლის.
"შემდგარი ფაქტია, რომ ეს პარლამენტი არის კარიკატურა, ბოიკოტი უკვე შედგა. ფიქრობ რომ ელისაშვილის პოზიცია ნორმალურია და ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე „მოქალაქეების" ლიდერი არ შევა. მას რომ უბრალოდ პარლამენტში შესვლა სდომოდა, აქამდეც შევიდოდა. უბრალოდ მე არ მგონია, რომ პარლამენტში შესვლამ განტვირთოს ქვეყნაში არსებული პოლიტიკური კრიზისი. ამ სურათის შეცვლის ერთადერთი შანსია, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს რეალური შეთანხმების გზით, რომლის შანსიც მოლაპარაკების მაგიდასთან ჩნდება”, - აღნიშნავდა ზურაბ ჯაფარიძე.
„ლელოს“ წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ ხელიდან ვერავითარ მნიშვნელოვან შედეგს ვერ „გამოგლეჯს“.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის სერგო ჩიხლაძე “გირჩის“ შეთავაზებას განიხილავს და აცხადებს, რომ თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტს არქმევენ, ბარემ ოფიციალური პლებისციტი ჩაატარონ.
„გაყალბებულ არჩევნებშიც კი ოპოზიციამ მეტი ხმა აიღო, ვიდრე ხელისუფლებამ, თუ ეს არის განმსაზღვრელი, ეს უკვე განსაზღვრულია და გაუგებარია ამის მიბმა ადგილობრივ არჩევნებთან”, - უპასუხა სერგო ჩიხლაძემ „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, თუ ოპოზიცია ჯამურად თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აჯობებს, მაშინ მმართველმა პარტიამ 2022 წელს ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს.
„გირჩმა“ და „მოქალაქეებმა“ ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყება დაანონსეს.
„ჩვენ და „გირჩს“ ახლო პოზიციები გვაქვს კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ წავალთ და დაველაპარაკებით ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს“, - აცხადებს ელისაშვილი.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ოპოზიციურ პარტიებს შორის ინდივიდუალური მოლაპარაკებების ფორმატის მომხრე არ არის, რადგან მიაჩნია, რომ ოპოზიციას ერთმანეთთან და საზოგადოებასთან არაფერი არ აქვს დასამალი. მისი თქმით, სწორი იქნება, თუკი საერთო ოპოზიციური ფორმატი აღდგება.
„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს გიორგი რურუა გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია.
„ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს, იქაც არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი. ოპოზიციას ჰქონდა მიქარული, სიმართლე გითხრათ. თავის თავში ჩაიხედონ, დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ დახურულ შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ რაღაცები რომ უთხრა და გაახსენა ოპოზიციას, ყველამ თავი დახარა. თავის თავს დააბრალონ, გამგებმა გაიგო“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილის აღნიშნულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა.
„თუ უნდა პარლამენტში შესვლა, შევიდეს, შევიდეს! დავიღალეთ ყველა უკვე”, -აცხადებს დეკანოიძე.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს თქმით, მის პარტიას სულ რომ მარტო მოუწიოს პარლამენტში შესვლა, მაინც შევლენ.
„მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე - გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის“,- განაცხადა ელისაშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს