უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის 3319-მა მოქალაქემ შეიძინა საქართველოში უძრავი ქონება. მათგან 969 თბილისშია რეგისტრირებული.
ამავე პერიოდში რუსეთის ფედერაციის 2407 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2594 საცხოვრებელ ბინაზე.
21 სექტემბრიდან, პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, რუსეთის დატოვებას ცდილობს ათეულობით ათასი მოქალაქე. მათ შორის - სახმელეთო გზით რუსეთთან მოსაზღვრე ფინეთში, საქართველოში, ყაზახეთსა და მონღოლეთში ჩასვლას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.
აღნიშნული მონაცემები იუსტიციის სამინისტრომ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ, "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა.