დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე ადგილობრივებმა, დღის საათებში ცენტრის ხელმძღვანელის გოჩა კილაძის ცხედარი ნახეს. შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ წერს.
გამოცემის ცნობით, დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიურ კვლევით ცენტრში სტუდენტებისთვის განკუთვნილი სასწავლო ან კვლევითი პროგრამა არ მიმდინარეობდა - დმანისისა და ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციები და საზაფხულო სკოლები სექტემბრის ბოლოს დასრულდა. თავად გოჩა კილაძე, მისი კოლეგების თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში თითქმის მუდმივად ამ ცენტრში იყო.
„არქეოლოგი გოჩა კილაძე თითქმის ოცი წლის განმავლობაში იყო ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, დმანისის სამეცნიერო გუნდის წევრი და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი.
ის მონაწილეობდა დმანისის ცნობილ არქეოლოგიურ გათხრებში, რომლის დროსაც იპოვეს 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომო ერექტუსის თავის ქალები და სხვა პალეონტოლოგიური და არქეოლოგიური მასალა“, - წერს გამოცემა.
როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.