ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი მომავალ კვირაში გაიმართება

18 იანვარს გაიმართება ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი. ამის შესახებ ინფორმაცია, გახელიძის მეუღლეს,ცხინვალის სახაზინო ადვოკატმა მიაწოდა.

ზაზას შესახებ ნებისმიერ ცნობას მისი მშობლები ემოციურად ხვდებიან. ოჯახთან ადვოკატის დაკავშირების შემდეგ ზაზა გახელაძის მამა მიხეილ გახელაძე შეუძლოდ გახდა. მას გული აწუხებს. სოფელში სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოიძახეს. მიხეილ გახელაძე ახლა თავს უკეთესად გრძნობს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე მეორედ გაუგრძელეს. გახელაძის ოჯახი ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს მის გათავისუფლებას.

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ. ეს საკითხი დეკემბერში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდზეც, მანამდე კი, ნოემბრის ბოლოს - ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა.