თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციხის კადრების საქმეზე, ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ე.წ. ციხის კადრების საქმეზე მსჯავრდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად ძალაში დატოვა. 

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ზურაბ ადეიშვილს, ასევე დავით ჭაკუას თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლითა და ექვსი თვის ვადით განესაზღვრათ.

ამასთან, ადეიშვილსა და ჭაკუას დაეკისრათ ჯარიმა 5 000-5 000 ლარის ოდენობით.

ცნობისთვის, ე.წ. ციხის კადრების საქმეზე მსჯავრდებულებს, იუსტიციის ყოფილი მინისტრს, ზურაბ ადეიშვილისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით ჭაკუას ბრალი პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე ჰქონდათ წარდგენილი.