ჯანმო საერთაშორისო მოგზაურობისას ვაქცინაციის ან იმუნიტეტის მტკიცებულების მოთხოვნის დაწესებას ეწინააღმდეგება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის კომიტეტი საერთაშორისო მოგზაურობისას ვაქცინაციის ან იმუნიტეტის მტკიცებულების მოთხოვნის დაწესებას ეწინააღმდეგება.

„ამჟამად საერთაშორისო მოგზაურობისას ვაქცინაციის ან იმუნიტეტის მტკიცებულების მოთხოვნა არ უნდა დაწესდეს, როგორც ქვეყანაში შესვლის პირობა, ვინაიდან ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა დონით ამცირებს ვაქცინაცია ინფექციის გადაცემას“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის კომიტეტის რეკომენდაციაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.