ევროპელთა დიდი უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ამას მოწმობს ბერტელსმანის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვა, იუწყება European Pravda Bild-ზე დაყრდნობით.
დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ორი მესამედი - გამოკითხულ ევროპელთა 66% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.
ევროკავშირის ქვეყნებში მხარდაჭერის დონე განსხვავებულია. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას პოლონეთში, გამოკითხულთა 84% ემხრობა. გერმანიასა და საფრანგეთში მხარდაჭერის დონე ნაკლებია - 60%-ს შეადგენს.
მარტში გამოკითხვის თანახმად, ევროპელების 80%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა უკრაინელ ლტოლვილებს. თუმცა, მარტთან შედარებით, მხარდაჭერის მოცულობა 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მხარდაჭერა შემცირდა 8 პროცენტული პუნქტით საფრანგეთში, 7 პროცენტული პუნქტით ნიდერლანდებში და 6 პროცენტული პუნქტით პოლონეთში.
შეგახსენებთ, სოციოლოგიური ჯგუფი „რეიტინგის“ მიხედვით, გამოკითხულ უკრაინელთა 86% რეფერენდუმის შემთხვევაში მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში შესვლას.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.