სახელმწიფო დეპარტამენტი, სომხეთისა და საზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ჟენევაში 2 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს.

„არარატ მირზოიანმა გაიმეორა სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაყვანის, აზერბაიჯანში უკანონოდ დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეების სწრაფი დაბრუნებისა და ცეცხლის შეწყვეტის უპირობო პატივისცემის აუცილებლობა. ხაზი გაესვა პრობლემების ძალისმიერი ან ძალის მუქარით გადაწყვეტის დაუშვებლობას.

ახალი აგრესიის პრევენციის კონტექსტში ხაზი გაესვა საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგისა და კონტროლის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვის მნიშვნელობას.

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს მოსაზრებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებისა და სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის სადისკუსიო მექანიზმის შექმნის შესახებ.

მიღწეულია შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ“, - აღნიშნავს სომხური მხარე.


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, ჟენევის შეხვედრისას ბაქოს მიერ შემოთავაზებულ ელემენტებზე დაყრდნობით.

„ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა, უზრუნველყოს მშვიდობა რეგიონში და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოსტკონფლიქტურ პერიოდში ბაქო გააგრძელებს მუშაობას აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციისთვის“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ენტონი ბლინკენმა მადლიერება გამოხატა იმ პოზიტიური ნაბიჯებისთვის, რომლებსაც სომხეთი და აზერბაიჯანი დგამენ მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს საკითხების მშვიდობიანად მოგვარებაში დაეხმაროს და ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატია არის ერთადერთი გზა.