ერმაკი: უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე საუბარი აღარ არის, ჩვენი კურსი NATO-ს წევრობაა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა სკანდინავიის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე საუბარი აღარ არის და კიევის კურსი NATO-ს წევრობაა.

„აღარ არის საუბარი უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე. ჩვენი კურსი NATO-ში გაწევრიანებაა. ჩვენი მიზანი ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი გაწევრიანებაა. მხოლოდ გააძლიერებს ალიანსს“, - აღნიშნა ერმაკმა.

უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარყოფა იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ.

28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

NATO კიევის მხარდაჭერას აძლიერებს, სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.