უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.
შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე გააკეთა.
„მე მუდმივ კონტაქტზე ვარ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. სატელეფონო საუბარი მქონდა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - წერს ზელენსკი.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და შევაქე მამაცი უკრაინელი ხალხი და შეიარაღებული ძალები შთამბეჭდავი პროგრესისთვის, რომელსაც რუსი აგრესორებისგან მათი ტერიტორიის დაბრუნების კუთხით აღწევენ. რუსეთმა მის მიერ დაწყებული ომი უნდა შეწყვიტოს. NATO გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, - წერს თავის მხრივ, NATO-ს გენმდივანი Twitter-ზე.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ასეთი სატელეფონო საუბარია მას შემდეგ, რაც უკრაინამ ომის ფონზე და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამოცხადების შემდეგ, NATO-ში სწრაფი გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი.
უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ევროპის ცხრა ქვეყანამ ერთობლივ განაცხადს ხელი მოაწერა.
ვოლოდიმერ ზელენსკიმ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ში სწრაფი გაწევრიანების განაცხადს შეიტანს.