"ქვეყანა ენერგეტიკულად სრულად მზად ხვდება ზამთრის სეზონს, როგორც ელექტროენერგიით უზრუნველყოფით, ასევე ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ნაწილში - ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის", - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ელექტროენერგეტიკის სექტორში, საქართველოში წელს გამომუშავება თითქმის 10%-ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
"სექტემბრის დეფიციტი აზერბაიჯანიდან შემოტანილი ელექტროენერგიის ხარჯზე დაიფარა როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის. ასე რომ, იმპორტიორ ქვეყნად კვლავ აზერბაიჯანი რჩება. იმპორტი რუსეთიდან არ ხორციელდება, რადგან არ გვჭირდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მცირე მოცულობით ხდება შემოტანა, ისიც სისტემის დაბალანსებისთვის, ანუ ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე. თუმცა 90%-ზე მეტი ყოველწლიურად კვლავაც აზერბაიჯანიდან შემოდის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი შეთანხმება გვაქვს, გაზის მიწოდებაზე რაიმე სახის საფრთხე, როგორც ფიზიკური მოცულობის დეფიციტის, ასევე ფასების ზრდის კუთხით, არ გვაქვს“, - განაცხადა ნარმანიამ.