დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დაკავებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ ბუღალტერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა.
- საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 165 000 ლარი.