აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი აცხადებს, რომ ელჩ დეგნანისადმი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილი ჩამოიტანა. მისი თქმით, ელჩმა დეგნანმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და ეს ძალისხმევა ბოლო პერიოდში მარტივი არ ყოფილა.

„მოუთმენლად ველი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილის გადმოცემას იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელსაც ელჩი დეგნანი და საელჩოს გუნდი ახორციელებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ასევე საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად.

თუმცა ეს ძალისხმევა მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, რომლებიც ვიხილეთ.

მოდით ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის ნაწილი, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ. კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა“, - განაცხადა ბონი ჯენკინსმა. 

ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს იმყოფება.