დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმართება ევროკავშირის მიერ ინიცირებული ახალი პლატფორმის პრაქტიკული რეალიზაცია, რომელსაც ეწოდება – „ევროპული პოლიტიკური გაერთიანება“.
ეს პლატფორმა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები, ხოლო მეორე მხრივ, ყველა ის ქვეყანაა მოწვეული, ვისი პოლიტიკური მომავალიც ასოცირებულია ევროკავშირთან, ევროპულ ოჯახთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ილია დარჩიაშვილის თქმით, საუბარი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას. აგრეთვე გაიმართება მნიშვნელოვანი დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა.
„საქართველო, რა თქმა უნდა, წარმოდგენილია ამ პლატფორმაზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას ამ პლატფორმაზე, სხვა ლიდერებთან ერთად, იმ დისკუსიებში, რომელიც აქტუალურია.
საუბარი იქნება, რა თქმა უნდა, იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს რეგიონშია და რეგიონს მიღმა. იმ გამოწვევებზე, რომლებიც, ასე ვთქვათ, პირდაპირ საფრთხეს უქმნის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას, ხოლო მეორე მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა, იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ასოცირებულია ევროპულ ოჯახთან და ამ მხრივ, ჩვენთვის, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პრიზმიდან და ჭრილიდან დანახული, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, ჩვენ გვაქვს დინამიური ურთიერთობები ევროკავშირთან. ეს არის ორმხრივ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი და შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგი, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერი ახალი მექანიზმი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, გააძლიეროს და უფრო შედეგზე ორიენტირებული გახადოს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ჩვენთვის მისასალმებელია და სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოდგენილია ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში, სხვა ლიდერებთან ერთად, რათა ერთობლივად იქნას განხილული იმ ქვეყნების მომავალი, ევროპული ასე ვთქვათ ასპირაციები, რომლებიც დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან.
მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა და შეკრება არ არის მხოლოდ ევროკავშირის ლიდერების შეკრება. აქ მოწვეულია ყველა ის ქვეყანა, ვისაც პოლიტიკური ასოცირება აქვს ევროპასთან, ევროპულ ოჯახთან. ეს იქნება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ახალი მექანიზმი იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის დისკუსიები გაიხსნას და ვისაუბროთ ამ ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე, რომლებიც მათ ევროკავშირში მომავალ ინტეგრაციაში დაეხმარება“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.