პალესტინაში, ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

პალესტინაში, ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აბასის ოფისის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, პალესტინის მთავრობა საკანონმდებლო არჩევნებს მიმდინარე წლის 22 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნებს კი - 31 ივლისს ჩაატარებს.

”პრეზიდენტმა დაავალა საარჩევნო კომიტეტს და ყველა სახელმწიფო აპარატს, დაიწყონ დემოკრატიული საარჩევნო პროცესი სამშობლოს ყველა ქალაქში”, - ნათქვამია ბრძანებულებაში, რომელიც ეხება დასავლეთ სანაპიროს, ღაზას და აღმოსავლეთ იერუსალიმს.

პალესტინაში საპარლამენტო არჩევნები ბოლოს 2006 წელს ჩატარდა, რომელშიც „ჰამასმა“ გაიმარჯვა, 2005 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი გამარჯვება მაჰმუდ აბასმა მოიპოვა.

პალესტინის პოლიტიკისა და კვლევების ცენტრმა გასული წლის დეკემბერში გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა 38%-მა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დაჯგუფება „ფათაჰს“ დაუჭერს მხარს, „ჰამასს“ კი მხარდაჭერა რესპონდენტთა 34%-მა გამოუცხადა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ამავე გამოკითხვის თანახმად, ამჟამინდელ პრეზდენტს, მაჰმუდ აბასს, მხარს 43% უჭერს, „ჰამასის“ ლიდერს, ისმაილ ჰანიას კი - 50%.