სამხედრო ასაკის მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც რუსეთის ფედერაცია დატოვეს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მობილიზებულების რაოდენობას ორჯერ აღემატება. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა ტელემარეთონის ეთერში განაცხადა.
„ზუსტად ვიცით რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ტოტალური მობილიზაციის ფარგლებში გამოიძახეს. ასევე ვიცით, რომ სამხედრო ასაკის მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც დღეს დატოვეს რუსეთის ფედერაცია და მობილიზაციას უნდა დაქვემდებარებოდნენ, ორჯერ მეტია“, - განაცხადა დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინას აქვს ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები უარს ამბობენ ბრძოლაზე.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
22 სექტემბერს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მრავალი კილომეტრიანი რიგები შეიქმნა.
5 ოქტომბერს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ბევრად მეტი მოქალაქე გაიქცა საზღვარგარეთ, ვიდრე სამხედრო სამსახურში შევიდა.