აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
6 ოქტომბერს ჯენკინსი ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე COVID19-თან დაკავშირებული გამოცდილების შესახებ სიტყვით გამოვიდა. Europetime-მა ამ გამოსვლიდან მთავარი გზავნილები შეკრიბა.
- ჩვენი მისიის მნიშვნელოვანი ნაწილი ბიოლოგიური საფრთხეების თავიდან აცილებას მოიცავს.
„ახლა არის დრო, რომ მიზანმიმართულად მოხდეს ინტეგრირება მიღებული გაკვეთილებისა რეგიონულ, ეროვნულ და გლობალურ ძალისხმევაში შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და ჯანმრთელობის უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურის გასაძლიერებლად.
ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ და ვუპასუხოთ ბიოლოგიურ საფრთხეებსა და ინფექციური დაავადებების აფეთქებას მიუხედავად იმისა, ისინი ბუნებრივად გვხვდება, შემთხვევით თუ მიზანმიმართულად გავრცელებულია.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ბიოუსაფრთხოება მთელს მსოფლიოში. პანდემიაზე პასუხმა შექმნა ახალი გამოწვევები ამ სფეროებში. ბევრ ადგილას ჯერ კიდევ საჭიროა ადეკვატური ტრენინგი და ადმინისტრაციული კონტროლი ბიოუსაფრთხოების რისკებისთვის.
კოორდინაცია მთავრობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორებს, სამართალდამცველებს, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიოლოგიის მკვლევრებსა და საერთაშორისო თემებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ ვაპირებთ, გავაძლიეროთ გლობალური ჯანდაცვა და ეფექტიანად ვუპასუხოთ სამომავლო დაავადებებსა და ბიოლოგიურ საფრთხეებს.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული შესაძლებლობები და სხვა ზომები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციებისთვის და ბიოუსაფრთხოებისთვის, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები შემთხვევითი ან მიზანმიმართული ბიოლოგიური ინციდენტების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ჯენკინსმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს იმყოფება.