დღეს "ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება. „ქართული ოცნების“ წევრები პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.
პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.
რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, მის შემადგენლობაზე ჯერ ოფიციალურად არაფერი თქმულა და ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება.
ყრილობა საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტია და თანამდებობა დატოვა და მასთან ერთად პოლიტიკიდანაც წავიდა.