ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მოსკოვს მოუწოდებს, გააუქმოს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას Svoboda ავრცელებს.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა რუსეთს მოუწოდა გააუქმოს კანონმდებლობის გაფართოება ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ, რომლის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია მედიასაშუალებები და პიროვნებები აღიაროს აგენტებად.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს სადავო კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ და უზრუნველყოს, რომ რუსეთის მარეგულირებელი უწყება, „როსკომნადზორი“ არ იქნეს გამოყენებული მედია-ორგანიზაციების მიმართ მუქარის და დევნის, და ჟურნალისტების შეზღუდვის მიზნით.
ორგანიზაციაში ევროპისა და შუა აზიის მასმედიის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა განაცხადა 14 იანვარს პრეს-რელიზში, რომ რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად იგონებს ახალი ამბების და ინფორმაციის ნაკადისთვის წინ აღდგომის ახალ საშუალებებს „საკუთარი საზოგადოების საზიანოდ“.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადება გავრცელდა ორ კვირაში მას მერე, რაც „როსკომნადზორმა“ შეადგინა რვა ადმინისტრაციული ოქმი რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების წინააღმდეგ „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის დარღვევის გამო.
ოქმების თანახმად, რომლებიც, „როსკომნადზორის“ მტკიცებით, გაეგზავნება მოსამართლეს ჯარიმის დასაწესებლად, მედია-ორგანიზაციამ არ გააფორმა თავისი მასალები როგორც „უცხოეთის აგენტების მიერ შექმნილი“.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ტედ ლიპიენმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარიდან ჩანს, რატომ არის საჭირო რადიო თავისუფლება და ნასტოიაშჩეე ვრემია.
ლიპიენის თქმით, „კრემლს შეუძლია გაგვირთულოს რუსეთის მოსახლეობისთვის და სხვებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. მაგრამ ეს ვერ შეგვაჩერებს, ვითამაშოთ ეს მნიშვნელოვანი როლი“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელიც, საშუალებას იძლევა, ინდივიდებს და საჯარო უწყებებს ეწოდოს უცხოეთის აგენტები, თუკი ჩაითვლება, რომ მათი პოლიტიკური მოქმედება "უცხო ქვეყნის ინტერესებს" შეესაბამება.