ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანია რუსეთისთვის გაგზავნილი სიგნალი, რომ რუსეთის საზღვრიდან დასავლეთისკენ, ევროპის კონტინენტზე, ევროკავშირის წევრი, თუ არაწევრი სახელმწიფოები ერთად ვართ, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„აბრევიატურაში EU, E – ევროპაა, ხოლო U – კავშირს ნიშნავს. არიან წევრები, ვისაც სურთ, ევროკავშირის წევრობა, სხვებს არ სურთ. ზოგი იყო და ახლა აღარაა, მაგრამ ყველა მათგანი ახლა ზის და განიხილავს, წარმოადგენს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, პირველი ნაბიჯი ევროპაში დიდი კოალიციის შესაქმნელად, რომელიც უპირისპირდება რუსეთს“, – განაცხადა ბორელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩეხეთში, პრაღაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი საკითხი მთიანი-ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება იყო.