ნინო ლომჯარია: შეგიძლიათ, გააგრძელოთ და იმეოროთ, რომ სახალხო დამცველს ომი უნდა, მაგრამ ვინ გიჯერებთ?!

შეგიძლიათ, გააგრძელოთ და იმეოროთ, რომ სახალხო დამცველს ომი უნდა, მაგრამ ვინ გიჯერებთ, არ ვიცი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიში წარადგინა.

„არ დავიწყებ აქ იმის მტკიცებას, რომ სახალხო დამცველს ომი არ უნდა, თუმცა, შეგახსენებთ, როდის გაკეთდა ეს განცხადება ჩემი მხრიდან, რომელიც ნამდვილად იყო იმ წუთას ჩემი ემოციური მდგომარეობის გამოხატულება.

აღნიშნული იყო ძალიან მალე, როცა უკრაინაში დაიწყო ომი, ყველანი ძალიან აღელვებულები ვიყავით, ყველას ალბათ, გაგვახსენდა ის ტრავმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს არაერთგზის გვაქვს რუსული აგრესიისა და რუსული თავდასხმის შედეგად ქვეყანაში მიღებული, ჩვენ ყველანი ვიყავით სოლიდარულები უკრაინელი მოქალაქეების და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, ეს იყო საერთო, საყოველთაო სოლიდარობა, ჩვენ გვინდოდა გამოგვეხატა და ჩვენ ქვეყანას გამოეხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ამ პერიოდში გვესმოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, რომ ომი უკრაინაშია და ეს მას არ ეხება, რომ თავის საქმე აქვს და ომი უკრაინაშია, რომ უკრაინა დაისჯებოდა და ისჯებოდა, არ ვიცი, რაღაცის გამო.

მახსოვს განცხადებები და თავდასხმები ევროკავშირის პარლამენტის წვერებზე, განცხადებები იმაზე, რომ ევროკავშირს უნდოდა თურმე ომი და არა რუსეთს და ევროკავშირი და ამერიკა იყო ამაში მთავარი დამნაშავე. მახსოვს განცხადებები, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა იმ სანქციებს, რაზეც მთელი ცივილიზაცია შეთანხმდა, რომ დააწესებდა - ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა, ჩემში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეში სირცხვილის გრძნობა გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, თქვენშიც გამოიწვია სირცხვილის გრძნობა ამ განცხადებებმა იმ პერიოდში, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, შეიძლება მე უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, გამოვხატო ჩემი ემოციური მდგომარეობა", - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა. 


ასევე წაიკითხეთ: