„მინდა, გისურვოთ, ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი აირჩიოთ,“- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
მან საქართველოს პარლამენტის სპიკერებსა და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში სახალხო დამცველთან კონსტრუქციულად ითანამშრომლეთ. მადლობა მინდა გადავუხადო სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც ამ ინსტიტუტს თავდადებულად და კვალიფიციურად ემსახურებიან. რომ არა ისინი და მათი მხრიდან მხარდაჭერა, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა ამ ფუნქციის შესრულება.
დიდი მადლობა ჩემს მოადგილეებს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეებს, რომლებიც ამ 5 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ანგარიშების განხილვას უძღვებოდნენ ხოლმე.
მინდა, გისურვოთ, ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი აირჩიოთ. ასევე, ვისურვებდი, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ უკვე ევროკავშირში გაწევრიანება ერთად გვეზეიმოს“, - განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.
ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.
ასევე წაიკითხეთ: