"ქართული ოცნებას" ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ კახა კალაძემ "ქართული ოცნების" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე ირაკლი კობახიძის დანიშვნას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
"დღეიდან, ჩვენ, ყველას ერთად, გუნდის გამოცდილ და ახალ წევრებს, კიდევ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, სამშვიდობოზე გაყვანის დიდი პასუხისმგებლობა და რაც არ უნდა მოხდეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიკისროთ. ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს საბოლოო გამარჯვებას, ხალხს უნდა შევუქმნათ ღირსეულად ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა.
პირველ რიგში, უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ყველა სირთულე და რაც შეიძლება სწრაფად დავსაბრუნოთ ქვეყნის ეკონომიკა განვითარების სწორ რელსებზე. ამის შემდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი.
ამ საქმეებს ერთგული, ენერგიით, ენთუზიაზმით და ამ ქვეყნის მომავლის რწმენით სავსე ადამიანების ერთობა სჭირდება და მჯერა, რომ ჩვენს განახლებულ გუნდს, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დღეიდან ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს - ამის ძალა შესწევს!“, - განაცახდა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ივანიშვილის შემდეგ თუ ვინმეს შეუძლია ინტერესების დაცვით უხელმძრვანელოს პარტიას,ირაკლი კობახიძეა.
"რა თქმა უნდა ირაკლი კობახიძეს ამის ძალა შესწევს. ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკური ლიდერის შემდეგ, ძალიან რთულია ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება, თუმცა, იმ არაჩვეულებრივი გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, ვინმეს ხელეწიფება საუკეთესო ინტერესების დაცვით უხელმძრვანელოს ჩვენს პარტიას, ეს ირაკლი კობახიძეა", - აღნიშნა კალაძემ .
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა 11 იანვარს წარადგინა.