საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვა დღეიდან დაიწყო.
საქმე ეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესში შესატან ცვლილებას. პარლამენტში აღნიშნული ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა. ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რიგი საკითხები სამართლებრივად თანხვედრაში არ არის, მზად არიან კანონპროექტზე იმუშაონ, რადგან აღნიშნული საკითხი ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციების შესასრულებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.
„ვიცით, რომ ამ ინიციატივის საფუძველი გახდა თავის დროზე შარლ მიშელის მონაწილეობით წარმართული პროცესი, რომელიც ოპოზიციურ პარტიების ნაწილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებით დასრულდა. საბოლოოდ, დღევანდელ მოცემულობამდე მოვედით, ვინაიდან იგივე ჩანაწერი აისახა საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგში და ასევე, მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიტანეთ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი, ამ 12-პუნქტიან გეგმაშიც გაიწერა იგივე წესი - გენპროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით ანუ 90 ხმით და თუ ვერ ხდება ასეთი პირის 90 ხმით არჩევა, მაშინ 76 ხმით, მისი უფლებამოსილების ვადა იქნება 1 წელი და ეს წესი უნდა მოქმედებდეს მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში.
ეს არის ამ ცვლილების ძირითადი არსი. დღეს უკვე რეგლამენტისა და კონსტიტუციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ წარვუდგენთ იმავე წესს ჩვენს საზოგადოებას, ავხსნით, რა ვალდებულებიდან გამომდინარეობს ამ წესის ინიცირება და ავხსნით, სამართლებრივად რა ხარვეზები და გამოწვევები შეიძლება მოჰყვეს ამ წესის კანონად ქცევას“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.