ხანმოკლე სიმშვიდის შემდეგ, ირანი, ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, კვლავ საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
თეირანში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ამოქმედდა. ირანის დედაქალაქში ქუჩის საპროტესტო აქციები ძირითადად უნივერსიტეტებისა და ლიცეუმების ტერიტორიებზე მოწყობილმა დემონსტრაციებმა შეცვალა. თუმცა, 8 ოქტომბერს აქციის მონაწილეები კვლავ თეირანის ქუჩებში გამოვიდნენ.
„დედაქალაქის ცენტრალურ მოედანთან საპროტესტო აქციები გაიმართა ველიასრის, ჯუმჰურის, მეტრო შერიფისა და კეშავერცის ქუჩებზე, დანიშკუს პარკში, ინკილაპის მოედანთან და ქალაქის სხვა რაიონებში.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს. ირანის უსაფრთხოების ძალებმა პროტესტანტებს ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებითა და რეზინის ტყვიებით უპასუხეს“, - წერს მედია.
როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, სტუდენტებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს ალბორზის პროვინციაში, ქალაქ ყარეჯში, ხარეზმის უნივერსიტეტის კამპუსთან, პარალელურად, აქცია გამართეს ზეჰრას უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ირანი მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
გოგო, რომელიც 13 სექტემბერს ვიცე-პოლიციამ „ჰიჯაბის არასწორი ტარების“ ბრალდებით დააკავა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
საპასუხოდ, ირანის ათობით ქალაქის მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა. სახელმწიფო ტელევიზიის 24 სექტემბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციებში, რომლებიც ძალადობრივ აქტებში გადაიზარდა.
ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია (IHR) იტყობინება 154 გარდაცვალების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ინციდენტების დროს ათასობით ადამიანი დააკავეს.