უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქების ფაქტს, საღამოს მიმართვაში გამოეხმაურა.
„დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თბილი მზიანი დღე იყო. უმეტეს რაიონებში +20 გრადუსამდე. სამწუხაროდ, ყირიმში მოღრუბლული იყო, თუმცა იქაც თბილოდა, მაგრამ რაც არ უნდა ღრუბლები იყოს - უკრაინელებმა იციან რაც უნდა ქნან და მათ იციან, რომ ჩვენი მომავალი მზიანია. ეს არის მომავალი დამპყრობლების გარეშე მთელ ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველა რუს ჯარისკაცს, რომელიც ნებაყოფლობით დაყრის იარაღს და ჩაბარდება ტყვედ, სიცოცხლე შეუნარჩუნდება.
„უკრაინა ყოველთვის იცავს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და კონვენციას.
ისევ და ისევ მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელს, ვინც იბრძვის და მუშაობს მშვიდობისათვის უკრაინისთვის - მთელი ჩვენი მიწის გათავისუფლებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაფიქსირდა აფეთქება და ხანძარი. ხიდის სარკინიგზო ნაწილზე სატვირთო მატარებელი დაიწვა, საავტომობილო ნაწილზე კი გზის ნაწილი ჩამოინგრა.
მოგვიანებით ხიდის გადარჩენილი ზოლის გასწვრივ ავტომანქანების მოძრაობა აღდგა.