პირის თანხმობის გარეშე აბორტი პატიმრობით დაისჯება

თანხმობის გარეშე აბორტი დანაშაულად ცხადდება. შესაბამისი ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს 10 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

პროექტის მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა მსხვერპლის წინასწარი ინფორმირებული თანხმობის გარეშე, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

პროექტით კონკრეტდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

პროექტის მიხედვით, ეს ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, თუ ჩადენილი იქნება: დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ;

ჯგუფურად; გენდერის ნიშნით; რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; განსაკუთრებული სისასტიკით; არაერთგზის; ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; ანგარებით ან შეკვეთით; ხულიგნური ქვენა გრძნობით;


მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა; მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; მის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 133-ე, 133/1 და 150/2 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებების მიხედვით, თუ ეს ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - ათიდან თოთხმეტ წლამდე.

თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

პროექტის მიხედვით, აბორტის იძულება გამოიყოფა სპეციალურ შემადგენლობად და უფრო მკაცრი სასჯელი იქნება გათვალისწინებული.

კერძოდ, პროექტით, ორსულობის შეწყვეტის იძულება, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. თუ იგივე ქმედება, ჩადენილი იქნება: ჯგუფურად; დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 133-ე, 133/1 და 133/3 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

პროექტით განისაზღვრება, რომ თუ იგივე ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

წყარო - IPN