ექსპერტი კახა გოგოლაშვილი აშშ-ის ახალ ადმინისიტრაციასთან თურქეთის ურთიერთობის შერბილებას ვარაუდობს. ამის თქმის საფუძველს მას თურქეთის რიტორიკა აძლევს, რომელიც მისი შეფასებით ევროკავშირის მიმართაც შეიცვალა. აქედან გამომდინარე ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქებს, ევროპელებს და ამერიკელებსა შორის.
ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) მეცნიერმა და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი Europetime-თან საუბრობს.
რაც შეეხება რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობას, კახა გოგოლაშვილის თქმით, „თურქეთ-რუსეთის ალიანსი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია; მათ შორის გარკვეული ურთიერთგაგება, ინტერესთა გადაკვეთა, ინტერესთა დამთხვევა არსებობს და არავინ იცის, ეს რა მიმართულებით განვითარდება, მაგრამ დასავლეთს მაინც იმედი აქვს, რომ თურქეთი ბოლომდე ალიანსში არ შევა რუსეთთან“.
„მიუხედავად გარკვეული მოვლენებისა, NATO, ევროკავშირი და შეერთებული შტატები თურქეთის დაკარგვას უფრთხილდებიან. სხვათა შორის ,თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმაც გააკეთა განცხადება, რომ თურქეთმა ევროკავშირისკენ უნდა იაროს. ეს განცხადება უცნაურად მომეჩვენა, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამბობდა, რომ თურქეთს ევროკავშირში არაფერი ესაქმება“, - აღნიშნავს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.
„ახლა რაღაც სხვა რიტორიკაა და ცოტა უცნაური, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქებს, ევროპელებს და ამერიკელებსა შორის. ტრამპს პოლიტიკაში ვითარების გამწვავება სჩვეოდა, ვიდრე დიპლომატიური მიდგომები. ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია გამოცდილებიდან გამომდინარე, დიპლომატიური და მრავლმხირივი ურთიერთობის მომხრეები იქნებიან. შეიძლება ცოტა შერბილდეს აშშ-ის ახალ ადმინისიტრაციასთან ერდოღანის მთავრობის ურთიერთობა. წესით უფრო უნდა დალაგდეს ეს ურთიერთობები“, - აღნიშნავს ექსპერტი.
2020 წლის 14 დეკემბერს, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა.
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა მოგვიანებით განაცხადა, აშშ-ის განზრახვა, რუსული С-400-ის შეძენის გამო თურქეთს სანქციები დაუწესოს, NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორის უპატივცემულობაა.
14 იანვარს ერდოღანის მორიგი განცხადება გამოქვეყნდა: რომ NATO თურქეთს ტერორიზმთან ბრძოლაში საკმარისად არ ეხმარება.
„ევროკავშირისა და NATO-ს უსაფრთხოება ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებზე იწყება. NATO-ს ფარგლებში ტერორიზმთან ბრძოლაზე უარი არასდროს გვითქვამს. რატომ გვტოვებენ NATO-ს ქვეყნები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო? თურქეთის გარდა, ვინ ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს? იარაღით დატვირთული ათასობით სატრანსპორტო საშუალება ტერორისტულ დაჯგუფებებს გაუგზავნეს. მათ კი ჩვენ წინააღმდეგ დაიწყეს ომი ამ შეიარაღების გამოყენებით. ჩვენ, როგორც NATO-ს წევრი სახელმწიფო, მათ ვებრძვით და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
პირველი იანვრიდან NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა 2014 წელს უელსის სამიტზე გადაწყდა. ეს იყო ალიანსის პასუხი რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიაზე.
11 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუნდს თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს.
იბრაჰიმ ქალინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის სამი ძირითადი პრობლემა არსებობს, კერძოდ, სირიაში აშშ-ის მიერ YPG / PKK-ს ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა, FETÖ-ს მიმართ აშშ-ის დამოკიდებულება და F-35-ის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგო.
თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ამ სამი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი გვერდის გადაშლა შეეძლება.
„ბაიდენი, როდესაც ობამას ვიცე-პრეზიდენტი იყო, თურქეთში ოთხჯერ ჩამოვიდა. ის რეგიონს იცნობს. ჩვენი ურთიერთობები ჯო ბაიდენის გარდამავალ ჯგუფთან ძალიან პოზიტიურია. მათი თქმით, თურქეთთან კარგი ურთიერთობების განვითარება სურთ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
12 იანვარს კი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებისთვის და მოუწოდა ევროკავშირს, რომ მათაც გამოხატონ ამისთვის მზადყოფნა.
მისი თქმით, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება Brexit-ის შემდეგ წარმოქმნილ სიცარიელეს შეავსებდა.
ერდოღანმა ანკარაში ელჩებს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ თურქეთ-საბერძნეთის მოლაპარაკებების განახლება ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხების გადაჭრას ემსახურება.
ეს განცხადება ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირის ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საქმიანობასთან დაკავშირებით, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.
იანვარში ევროპარლამენტი თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს. ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ქმედებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების - კვიპროსისა და საბერძნეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. ევროკავშირმა რამდენიმე სანქცია მოამზადა თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა სადამსჯელო ღონისძიებების მიღებამ მარტამდე გადაწია.
ერდოღანის თქმით, მზად არის „დაივიწყოს ყველა წყენა და იმედი აქვს, რომ ევროკავშირიც თურქეთის ენთუზიაზმს გაიზიარებს.
„თურქეთი ერთობლივად გეგმავს მომავალს ევროპასთან ერთად, მიუხედავ ყველა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც წავაწყდით ჩვენს წინააღმდეგ", - ამბობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
რუსულ-თურქული ურთიერთობების განხილვისას გასათვალისწინებელია კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 2020 წლის გაზაფხულიდან თურქეთისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი არა რუსეთი, არამედ უკვე აზერბაიჯანია. აზერბაიჯანი უზრუნველყოფს თურქეთის ბაზრის მოთხოვნის 23,5%-ს.
2019 წელს ყველაზე დიდი მიმწოდებელი 33%-ით რუსეთი იყო, რაც მიმდინარე წელს 9,9%-მდე შემცირდა. შესაბამისად, მკვეთრად შემცირდა თურქეთის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, რაც, თავის მხრივ, ბუნებრივად მალევე აისახა პოლიტიკურ ურთიერთობებზეც.
ბოლო წლებში, თურქეთსა და რუსეთშს შორის კონკრეტული სახის თანამშრომლობას, რაც ყარაბაღის კონფლიქტზეც აისახა, ქართულ საექსპერტო წრეებში გარკვეული შეშფოთება მოჰყვა.
საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლეთ ჩავუშოღულს თქმით, თურქეთი სრულად უჭერს მხარს, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას
აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, თურქეთი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, უამრავი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. იმაზე, თუ როგორ შეძლებს ანკარა მათთან გამკლავებას, ბევრადაა დამოკიდებული, როგორც თურქეთის მომავალი, ისე დიდწილად მისი სამეზობლოს უსაფრთხოება.
„ნებისმიერი სახის გართულება და არასტაბილურობა საქართველოს საზღვრების სიახლოვეს უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ისე საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ამდენად, საქართველოს ინტერესებშია სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული თურქეთის ყოლა ახლო სამეზობლოში", - აცხადებს აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი