USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი: სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გავაგრძელებთ

ამის შესახებ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს.

civil.ge: ჩვენც ვაშუქებთ მმართველი პარტიის კამპანიას საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ, მათი დისკრედიტაციის მიზნით. ეს კამპანია იგება ისეთი ფრაზების გარშემო, როგორებიცაა “მდიდარი ენჯეოები”, “ენჯეოების არაგამჭვირვალე კლანი” და “აშშ-ის გავლენის ქვეშ მყოფი ენჯეოები”. USAID უკვე წლებია თავისი პროექტების მეშვეობით პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ნება მომეცით გკითხოთ, რა მიზნით აკეთებს USAID-ი ამას, რა შედეგებს მიაღწია? როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება უნდა მოახდინონ დონორებმა იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის მცდელობები გაგრძელდება?

ჯონ პენელი: რა თქმა უნდა, ეს ისაა, რასაც ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. USAID-ში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მტკიცედ გვჯერა, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი, გამჭვირვალე და მონაწილეობაზე დამყარებული დემოკრატიისათვის აუცილებელი ქვაკუთხედია.

ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ვმუშაობთ. შეერთებულ შტატებშიც ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები გვყავს, ისინი ადამიანის უფლებებს, მოქალაქეთა უფლებებს იცავენ, მთავრობისგან მის საქმიანობაზე ანგარიშვალდებულებას ითხოვენ და მოქალაქეთა საჭიროებებს პასუხობენ.

მხოლოდ გასულ წელს, საქართველოში ასზე მეტ სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ვიმუშავეთ, მაგალითად იმაზე, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მთავრობისგან სათანადო დახმარება მიეღოთ, ადგილობრივ თემებს გვერდში ამოდგომოდნენ ნარჩენების გადამუშავების თუ სასმელი წყლის მიწოდების თვალსაზრისით, სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე.

ჩვენი დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაციები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდნენ მათ, ვისთვისაც იურისტის ან ადვოკატის დაქირავება ხელმისაწვდომი არაა. მათი წყალობით, 90,000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო იურიდიული დახმარება, 14 ათას საქმეზე მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ადვოკატი ჰყოლოდათ. სწორედ ასეთ საქმეებს აკეთებს სამოქალაქო საზოგადოება და ამიტომაც არის მისი არსებობა მნიშვნელოვანი.

ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, არასამთავრობოების მუშაობის დასასურათებლად: ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია ბავშვებს სკოლებში ჩარიცხვაში ეხმარება, როცა მათ გარკვეული იურიდიული ბარიერები ეღობებათ წინ. მაგალითად, ერთმა ბავშვმა დედა დაკარგა, მამამისი კი რუსეთის მოქალაქე იყო და მისი მოძებნა ვერ მოხერხდა. ბებიას უნდოდა, ბავშვზე მეურვეობა აეღო, თუმცა სამართლებრივი პროცედურების დასრულება გაჭიანურდა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ბავშვის უფლებებს იცავდა, მეურვეობის საკითხის გადაჭრასაც მიაღწია და იმასაც, რომ ამ ბავშვს სკოლაში მიყვანაზე პრობლემები არ შექმნოდა – ახლა ის ბებიასთან ცხოვრობს და სკოლაში დადის. ასეთი საქმეების კეთების გამოა სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც. ამიტომაც გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას მომავალშიც.