„სამწუხაროდ, პოლარიზაცია და დეზინფორმაცია ის პრობლემებია, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, მათ შორის ჩემი ქვეყანაც. ძალიან გვინდა, დავეხმაროთ როგორც საქართველოს, ისე ბევრ სხვა ქვეყანას, საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან დაცვაში“, - ამის შესახებ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს.
„ამის გასაკეთებლად, მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს, რომ ეთიკურად გამართული, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გაავრცელონ. ამ დახმარებას უკვე წლებია გავცემთ და მომავალშიც გავაგრძელებთ.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა შეიძლება ქართულად არ საუბრობდეს - ასეთ შემთხვევებში ვეხმარებით მედიას, რომ უმცირესობებს ინფორმაცია მშობლიურ ენაზე მიაწოდონ.
- სხვა მასალები ამავე ინტერვიუდან: USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი: სამწუხაროა, რომ აშშ-ის საქმიანობა თავდასხმების სამიზნედ იქცა
- USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი: სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გავაგრძელებთ
რთული ვითარებაა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარე რაიონებშიც. ჩვენი დახმარებით, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ფაქტებზე დაფუძნებული, ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია მიიღოს, რაც სხვაგვარად მათთვის მიუწვდომელი იქნებოდა. ეს მნიშვნელოვანია, მით უფრო მაშინ, რომ მათ გარშემო დიდია რუსული მედიისა და დეზინფორმაციის გავლენა.
რამდენიმე კვირის წინ, მონაწილეობა მივიღე დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციურ კონკურსში. ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეორე ასეთ კონკურსს ვატარებთ.
ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ საკუთარი უნარები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია არამხოლოდ დეზინფორმაციასთან ბრძოლის, არამედ საქართველოში მედია წიგნიერების გაუმჯობესების მიზნითაც.
ეს კონკურსი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, თავისი გამოცდილება და პროდუქტები საერთაშორისო მომხმარებელსაც გააცნონ და ეგებ შემოსავლის ახალი წყაროც გაიჩინონ, მით უფრო, როცა საქმე ეხება სოციალური მედიის ანალიზის ინსტრუმენტებს, მონაცემთა ბაზებს, ინფორმაციის აგრეგატორებს. ამ მიმართულებით საქართველში უზარმაზარ პოტენციალს ვხედავთ“, - ამბობს ჯონ პენელი.