კლაუს იოჰანისი: რუმინეთი საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით უკვე მუშაობს

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. ჩვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ბუქარესტში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუმინეთისთვის პრიორიტეტულია ელექტროკაბელის მშენებლობა, რომელიც რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს.

„გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ ამ რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. აღნიშნული ელექტროკაბელი იქნება ელექტროენერგიის მწვანე დერეფანი და დააკავშირებს კასპიის ზღვას შავ ზღვასთან და ასევე იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი საქართველოსა და რუმინეთს შორის და ასევე ციფრული ურთიერთობები ევროკავშირს, საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის. გარდა ამისა, საქართველოსთან ვმუშაობთ ტრანსპორტის დერეფანზე, რომელიც იქნება საქონლისა და სხვადასხვა პროდუქტების დერეფანი, რაც იქნება რუმინეთის ინიციატივა.

გარდა ამისა, ვსაუბრობთ რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაჭრობის ხელშესაწყობად და ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.